პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საგარეო პრიორიტეტად სახელდება. ირაკლი კობახიძის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიზანი ვაშინგტონთან თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის სრული ფორმატით აღდგენაა.
პრემიერის ანგარიში ასევე ქვეყნის შიდა საკითხებსაც მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, საარსებო შემწეობას დაახლოებით 670 ათასი მოქალაქე იღებს, მათ შორის 233 ათასზე მეტი ბავშვია.
მთავრობის ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეთმობა. დოკუმენტის მიხედვით, საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი უკვე დაწყებულია, ფსკერის დაღრმავებისთვის საჭირო სამუშაოებიც მიმდინარეობს, ხოლო მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულად მიიჩნევა.