„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძე განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები იმედგაცრუებული არიან ბოიკოტის პოლიტიკით.
როგორც სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, აშშ-ის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის პოლიტიკა.
„ამერიკელმა პარტნიორებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. აშშ-ს არ არის ავტორიტარული სამყარო, რომ რაიმე დირექტივა მისცეს პოლიტიკურ ძალებს. მათ აქვთ შეფასებები და შეფასებები არის ცალსახა. მათ თქვეს, ვციტირებ: „აშშ იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით“. ეს ეხება 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. ჩვენი ამერიკელები პარტნიორების ხედვაა ის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა წარმოადგენდნენ ხალხს. წარმომადგენლობა შესაძლებელია ერთადერთი მედიუმის მეშვეობით, რომელსაც არჩევნები ჰქვია, დემოკრატიის მთავარი ბერკეტი არის არჩევნები. არ უნდა აგვერიოს ის, რომ რადგან რეჟიმია ბერკეტი არ არსებობს, სწორედ იმიტომ, არის ერთადერთი და უნიკალური არჩევნები, რომ იქ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ. ამის კარგი მაგალითია უნგრეთი - არადემოკრატიული მმართველობა დამარცხდა დემოკრატიული ბერკეტით“,- განაცხადა სიორიძემ.
როგორც სიორიძემ აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა არა პოლიტიკური პროცესების დინამიკაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ძალა საზოგადოებას.
მისი თქმით, „ლელო“ კვლავ რჩება იმ მოთხოვნების ერთგული, რომელთა შესახებაც პარტია დიდი ხანია საუბრობს, მათ შორის „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა“ და „ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი პირობების შექმნის“ აუცილებლობის შესახებ.
„იყო მოსაზრება ქმნით თუ არა დინამიკას. ამერიკელმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, საუბარი იმაზე კი არ არის რა დინამიკას შექმნი, საუბარია იმაზე, ვის წარმოადგენ იმისათვის, რომ უფლება გქონდეს ხალხის სახელით ისაუბრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ, რათა პოლიტიკურ თამაშში იყო.
ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისათვის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და უკეთესი პირობები ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად. „ლელო“ ვაცხადებთ, როდესაც არ უნდა იყოს და რა პირობებით, არ დავუთმობთ ივანიშვილის რეჟიმს. სხვა პოლიტიკურ ძალებს ამასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია აქვს დასაფიქსირებელი“,- განაცხადა სიორიძემ.