პოლიტოლოგ, გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ძირითადად ერთმანეთთან ალიანსების შექმნასა და შიდა ურთიერთობებზე არიან კონცენტრირებული, მაშინ, როდესაც მთავარი რესურსი ხალხის მხარდაჭერაა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოების ნდობის მოპოვება არ შეუძლიათ, საჭიროა პოლიტიკური სისტემის განახლება და ახალი ლიდერების გამოჩენა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საზოგადოებასთან დიალოგს, შიდა რეორგანიზაციასა და თვითკრიტიკას.
„ოპოზიციამ უნდა ქნას, ძალიან მარტივი რამ: ძალა ხომ ოპოზიციაში არ არის?! ძალა არ არის პარტიებში, ძალა ხალხშია. ხალხთან კომუნიკაციაა საჭირო. ოპოზიცია იმდენ სერიოზულობას იძენს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს. ხალხის მხარდაჭერის გაზრდაზე კი არ ზრუნავენ, ერთად იკრიბებიან და რაღაც ალიანსებს ქმნიან, მერე ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ ეხუტებიან ერთმანეთს. ხალხზე იმუშავეთ. ეს ხელისუფლება მხოლოდ ძალაზე რეაგირებს. ბატონებო, ძალა ხალხშია, თქვენში არ არის ძალა. თუ ხალხის მხარდაჭერა არ გექნებათ, კაპიკია თქვენი ფასია, ეს ამერიკელებმაც და ევროპელებმაც იციან. ხალხის მხარდაჭერის მოპოვება მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელია. კი, დიალოგი რთულია. ქვის სროლაც იქნება, საბოტაჟიც, აბა როგორ გინდათ?
შიდა რეორგანიზაცია ჩაატარეთ, თვითკრიტიკულობაც საჭიროა, რაღაცაზე მაინც მოიხადეთ ბოდიში, ყველაფერში მართლები როგორ ხართ? ტელეეკრანებიდან მონოლოგის რეჟიმში სიბრძნეებს აფრქვევენ. ვირტუალურ პარტიებად იქცნენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებიც პირველ რიგში პოლიტიკური ძალების საზოგადოებრივ მხარდაჭერას აფასებენ. მისი თქმით, თუ რომელიმე პროდასავლური პარტია მოსახლეობაში 15-20%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს, დასავლეთის მხრიდანაც განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდება.
„ამერიკელები როგორც კი გაზომავენ ხალხში მხარდაჭერას და თუკი რომელიმე პარტიას ექნება თუნდაც 15-20%-იანი მხარდაჭერა, სხვა რიტორიკა წამოვა. დაინახავენ, რომ პროდასავლური პარტია ძლიერდება. დღეს არ არიან ძლიერი, შეიძლება სწორ და ჭკვიანურ რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ პოლიტიკა მარტო სიმართლე არ არის, ძალაც არის. დამარწმუნე, რომ შენ პირობებში ეს ქვეყანა უკეთესად იქნება, რაღაც გეგმა გაქვს. ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ, დასხდებიან და ხან, ალიანს დაარქმევენ, ხან რაღაც კოალიციას... ხალხშია ძალა, ბატონებო, თქვენში არ არის ძალა.
ველი უნდა მოსუფთავდეს და ის უნდა წამოვიდეს, ვისაც შეუძლია [ხალხთან მუშაობა]. თუ ამათ არ შეუძლიათ, სისტემურად რაღაც უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.