ნოდარ ხარშილაძე - აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას უთხრა: „პარტნიორები აღარ ვართ და საჭიროებით ვითანამშრომლებთ“ - თუ ნდობა არ არის, ურთიერთობა ხდება - „მანეთი ამაში, კაპიკი იმაში“ - Palitra News

ნოდარ ხარშილაძე - აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას უთხრა: „პარტნიორები აღარ ვართ და საჭიროებით ვითანამშრომლებთ“ - თუ ნდობა არ არის, ურთიერთობა ხდება - „მანეთი ამაში, კაპიკი იმაში“

2026-06-02 22:42:04+04:00

აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩვენ პარტნიორები აღარ ვართ და იქნება მხოლოდ საჭიროების მიხედვით თანამშრომლობა , - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა, რითაც აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის თაობაზე.

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამერიკელები „ქართულ ოცნებას“ აღარ ენდობიან.

„ამერიკელებმა „ქართულ ოცნებას“ უთხრეს, რომ [თქვენი საგზაო რუკა] კარგად შეინახეთო. ამერიკელებმა უთხრეს: ეს არის პირობები, გინდათ? თუ არ გინდათ, რაშიც დაგვჭირდება, იმაზე ვილაპარაკებთ ხოლმე. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ ენდობიან „ქართულ ოცნებას“, რაც უნდა უნდა უთხრას „ქართულმა ოცნებამ“, სანამ ქმედებას არ ნახავენ. იყო დრო, როცა ენდობოდნენ და წინასწარ აძლევდნენ დახმარებებს, ეს იყო 2018-2019 წლებში, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიმუქრა, რომ ელჩთან საუბრის ჩანაწერი მაქვს და გამოვაქვეყნებო, აღარ ენდობიან. ასეთი რაღაცებისგან ინგრევა ნდობა. საერთაშორისო ურთიერთობებში თუ გინდა პარტნიორული ურთიერთობა, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ნდობა არ არის, ასეთი ურთიერთობა იქნება - მანეთი ამაში, კაპიკი იმაში”, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძემ გადაცემაში ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ის იყო არჩევნების შემდეგ.

„ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელია ორი გზით: პირველი არის ინსტიტუციური არჩევნები, პარლამენტი, მეორე ქუჩა. ჩვენთან ოპოზიციამ აირჩია მეორე გზა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე წარმატებას ვერ მიაღწია. ეს ფაქტია იმიტომ, რომ დღეს „ქართული ოცნებაა“ დეფაქტო ხელისუფლება. შედეგებმა ანახა ის, რომ დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ის იყო არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ მოსახლეობაში იყო პროტესტი მაღალი მუხტი და ოპოზიციას ამ მუხტის გამოყენება უნდა შესძლებოდა. სამწუხაროა, რომ ვერ შეძლეს. ძალიან კარგი, რომ დღეს კოალიციასა და გაერთიანებებზეა საუბარი, ეს სწორია, რამდენად მოიტანს შედეგს, ეს სანახავია. ყველაფერი იზომება შედეგით და ფაქტებით”, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.