გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.
პროექტი საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ხორციელდება. დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე მონიტორინგის სისტემა კიდევ ცხრა ავტომატური სადგურით გაფართოვდეს.
დღეს ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის 18 სადგური ფუნქციონირებს. მათი მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიაში და ზუგდიდში. მიღებული მონაცემები მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად გარემოსდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.