სუს-ი - გეკა გელაძე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა - Palitra News

სუს-ი - გეკა გელაძე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

2026-06-03 10:36:09+04:00

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან: მაგდალენა გრონოსთან, მოჰამედ ხალედ ხიარისთან და კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხს.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანამდევ შედეგებზე.

აღინიშნა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.

ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.