ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ქუვეითის აეროპორტი დაზიანდა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ქუვეითის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეს დილით ირანის მიერ დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტის შენობა „სერიოზულად დაზიანდა“.
ირანის იერიშის შემდეგ აეროპორტიდან ფრენები შეჩერდა, ხოლო რეისების ნაწილი გადამისამართდა.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, ღამით ირანმა და აშშ-მა რეგიონში სარაკეტო დარტყმები გაცვალეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული რაკეტებისა და დრონების საპასუხოდ კეშმის კუნძულზე თავდაცვითი დარტყმები განახორციელეს. მათივე ცნობით, ირანის მიერ ქუვეითისკენ გასროლილი ორი რაკეტა გზაში ჩამოვარდა, ხოლო ბაჰრეინისკენ გაშვებული სამი რაკეტა აშშ-ისა და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.
მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომ აშშ-ის მიერ კეშმის კუნძულზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ რეგიონში ამერიკულ ბაზებს და ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე გემს დაარტყეს. ირანმა განაცხადა, რომ რაკეტებითა და დრონებით საპასუხო თავდასხმები განახორციელა ამერიკის საჰაერო და ვერტმფრენების ბაზაზე, ასევე აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაზე, რომელიც ბაჰრეინში მდებარეობს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უარყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცება, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა და რეგიონში აშშ-ის საჰაერო ბაზა დაბომბეს. ასევე, მათი თქმით, წარმატებით ჩამოაგდეს ირანული დრონები, რომელთა სამიზნე ქუვეითში მდებარე აშშ-ის ბაზა იყო.