დღევანდელი სასამართლო არის ბუტაფორია, არ არსებობს მართლმსაჯულება ქვეყანაში, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ადამიანებს, ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც ყველა პროცესზე, ერთი და იგივე დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადრე სასამართლო პროცესები ცირკი იყო, ახლა კი დიდი ტრაგედიაა.
„დღევანდელი სასამართლო არის ბუტაფორია, არ არსებობს მართლმსაჯულება ქვეყანაში, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ადამიანებს, ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც ყველა პროცესზე, ერთი და იგივე დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან. დავდივართ, რადგან მოწმეებს მოვუსმინოთ და თვალში თვალში გავუყაროთ და კომუნიკაცია გვქონდეს, რასთან დაკავშირებით არის მოსული და რა ჩვენებას იძლევა.
არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ პროცესზე იმიტომ არის მოსული, რომ ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ან რაიმე ინფორმაცია მისცეს სასამართლოს. ამიტომ არის დახურული პროცესი, რომ საზოგადოებამ არ ნახოს ეს ვითარება. ცირკიც აღარ არის პროცესები, ცირკი ადრეულ წლებში იყო, დღეს რაც ხდება, დიდი ტრაგედიაა, რომელიც ქვეყანას დაატყდა“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.