აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამერიკულმა დელეგაციამ თავის განცხადებაში ორ ქვეყანას შორის საერთო ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს გაუსვა ხაზი, რაც ღირებულებით საკითხებზე შეჯერების წინაპირობაა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ მის განცხადებაში ორ საკითხს გაუსვა ხაზი, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც, შეხვედრებმაც, ღირებულებით საკითხებზე შეჯერებამ და ამ განცხადებამაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და მეორე - საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა სახის და ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება.
სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით ჩვენ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და დელეგაციის ეს განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ მხრივ რეალიზდა, მათ შორის, ამ განცხადებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.
ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.