გიორგი ჭანტურია - ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ - დღეს შსს-ს პრიორიტეტი ტროტუარზე მყოფების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ცემა-დაშინება და „ფეისბუქზე“ კრიტიკული „პოსტების“ „სქროლვა-სქრინვა“ გახდა - Palitra News

გიორგი ჭანტურია - ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ - დღეს შსს-ს პრიორიტეტი ტროტუარზე მყოფების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ცემა-დაშინება და „ფეისბუქზე“ კრიტიკული „პოსტების“ „სქროლვა-სქრინვა“ გახდა

2026-06-03 12:57:31+04:00

ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, საგრძნობლად გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები, სროლა, ფემიციდი, დაჭრის ფაქტები და ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები - ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სისტემა გამოიყენება არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცავი სისტემა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და შსს-ს პრიორიტეტი არა მოქალაქეებზე ზრუნვა, არამედ „ოცნების“ ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა, ტროტუარზე მყოფი ადამიანების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფურად ცემა-დაშინება და მოქალაქეების „ფეისბუქზე“ კრიტიკული „პოსტების“ „სქროლვა-სქრინვა“ გახდა.

„თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა; 15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს; ინდოელი სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს; თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა; ამ მომენტშიც მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს ეძებენ; სენაკში კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა; რუსთავში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს; ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა; გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს; ბათუმში მამაკაცი, რომელიც ცოლ-შვილს ელოდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს; ნარკოტიკების ზედოზირებისგან არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ბოლო 1 კვირის გახმაურებული ფაქტებია, რაც ზუსტად ვიცით და არ დაიმალა. ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია ტრაგიკულად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები, მათ შორის, დღისით, მზის შუქზე, სროლა ქუჩებში, ფემიციდი, დაჭრის ფაქტები და ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები.

ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი არა მოქალაქეებზე ზრუნვა, კრიმინალთან, ავტოსაგზაო შემთხვევებთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა და პრევენციაა, არამედ „ოცნების“ ვიწრო პარტიული ინტერესების დაცვა, ტროტუარზე მყოფი ადამიანების დაკავება, მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფურად ცემა-დაშინება და მოქალაქეების „ფეისბუქზე“ კრიტიკული "პოსტების" "სქროლვა-სქრინვა" გახდა. ამ ყველაფრის გამო, სამართალდამცავი სისტემა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ფაქტია, რომ მარტის აქციების პერიოდში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადა და შემდეგ ორდენებით დააჯილდოვა მოძალადეები, მას შემდეგ სამინისტროში მოშლილია ყველანაირი წესრიგი, გაჩენილია დაუსჯელობის შეგრძნება და სისტემა გამოიყენება, არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად.

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს - ფაქტია, რომ დღეს დაცული ამ ქვეყანაში არავინაა. სამართალდამცავი სისტემები მოშლილია და მათი პრიორიტეტები აცდენილია, მათ რეალურ პასუხისმგებლობებს. ასეთ მძიმე ვითარებაში ვალდებულები ვართ, თითოეულმა ჩვენგანმა მეტი სიფრთხილე და თანადგომა გამოვიჩინოთ,“ - განაცხადა ჭანტურიამ.