ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან - ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება და სავარაუდოდ, 5 ივნისს, შეხვედრა კვლავ გაიმართება.
„დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პრობლემებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. ჩვენ მაქსიმუმ, ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს ისევ გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული. მშობლების, რომლებიც ჩართულები ვართ, ძირითადი მოთხოვნაა მედიკამენტების მიღება. საზოგადოებამ რომ გამოხატა სოლიდარობა, არავის მხრიდან არ არის მართული და დაკავშირებულია იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ბავშვებთან მიმართებაში. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა, თითქოს რომელიმე ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია. ამ კითხვებიც გაეცა პასუხი. პასუხი გაეცა იმასაც, რომ ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტია, რომელიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა. ამასთან მიმართებაში გაიცვალა ინფორმაციები და მიიღო საჭირო ინფორმაცია,“ - განაცხადა გვიშიანმა.