ირანის უზენაესი ლიდერი მოლაპარაკებებში ჩართულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩართულია. მას დიდ პატივს სცემენ. აიათოლასთან შეხვედრის პატივი ჯერ არ მქონია. მისი მდგომარეობა არც ისე კარგია. თუ ამბებს დაუჯერებთ, მას ბევრი ნაწილი აკლია. მსურს შევხდე. ალბათ, რაღაც ეტაპზე შევხვდებით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოვა საქმე“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „შეშლილი“ უწოდა.
„ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ცოტათი აღშფოთებული ვიყავი ლიბანთან მისი მუდმივი ბრძოლით. თუმცა, ბიბი ძალიან მომწონს. მასთან ძალიან კარგად ვმუშაობ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა, შესაძლოა, სექტემბრამდეც კი გაგრძელდეს.
„არ ვიცი. ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალაში დარჩეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის სწრაფად მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.