არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, აბსოლუტურად, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
„ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე პირველივე დღეებიდან ვსაუბრობთ, რაც პროტესტი დაიწყო. უფრო კადრიდანაც ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს.
რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას - ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ამას მუშაობა დასჭირდება და ბუნებრივია, რომ ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობდით პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომლებთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მშობლებისგან მოვისმინეთ, არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ, სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, აბსოლუტურად, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა.
მე ადრეც აღვნიშნე, რომ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით, გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს, სხვასთან მეტი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს, სწორად განსჯას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა.
იყო საუბარი ისეთ საკითხზეც, რომელიც ეხებოდა მაგალითად, პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას და ა.შ.
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული პაციენტისთვის. ჩვენ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა ამ საკითხებზე, კიდევ გაგრძელდება მსჯელობა და როგორც ეს დასაწყისშიც აღინიშნა, რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა.