ნიკოლოზ სამხარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გვქონდა, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ავა - პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს - Palitra News

ნიკოლოზ სამხარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გვქონდა, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ავა - პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს

2026-06-03 16:10:06+04:00

გადატვირთვის პროცესი უკვე დაწყებულია, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტების გაცვლის ძალიან კარგი დინამიკა არსებობს - შესაბამისად, ეს პროცესი უკვე საკმაოდ იმედისმომცემია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

სამხარაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები სამომავლოდ ახალ სიმაღლეებზე ავა.

„მე პირადად საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მით უმეტეს ბოლო ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც წინა კვირას შედგა და რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა მრავალ საკითხზე და ეს ყველაფერი და მათ შორის ის განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები არა თუ გადაიტვირთება, არამედ ახალ სიმაღლეებზე ავა. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სამუშაო პროცესი, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი დაძრულია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავა. ახალ სიმაღლეში ვგულისხმობ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელშიც მთავარი საკითხი ამ პარტნიორობიდან ურთიერთსარგებლის მიღება იქნება. ამ ურთიერთობებიდან სარგებელი უნდა ჰქონდეს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე საქართველოს. ამ თემის ირგვლივ ჩვენ საუბარი გვქონდა და ძალიან კარგია, რომ ამ იდეის ირგვლივ წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.