სალომე სამადაშვილი - უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები იყო, ადამიანები ცდილობენ, საკუთარი აზრები გაასაღონ ამერიკული მხარის პოზიციად - ოპოზიციამ ამომრჩევლების ინტერესი უნდა დაიცვას, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით, ეს არის ჩანაწერი - Palitra News

სალომე სამადაშვილი - უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები იყო, ადამიანები ცდილობენ, საკუთარი აზრები გაასაღონ ამერიკული მხარის პოზიციად - ოპოზიციამ ამომრჩევლების ინტერესი უნდა დაიცვას, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით, ეს არის ჩანაწერი

2026-06-03 18:49:52+04:00

„ძლიერი საქართველო ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაჩნდა პოზიტიური ინტერესი, რაც ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს.

სალომე სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.

კერძოდ, სამადაშვილმა საკუთარი საჯარო პოზიცია იმ განცხადებასთან დაკავშირებით გამოხატა, რომელიც ორი დღის წინ ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა.

სალომე სამადაშვილი შეეხო საპარლამენტო ბოიკოტის თემასაც.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა, ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის პოზიციასაც და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა.

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ნაწილი ამერიკის საელჩოს განცხადებას და სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის შემაჯამებელ დოკუმენტს საკუთარი პოზიციის გამართლებისთვის იყენებს.

„უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაზე დაფიქსირებული შეფასებების დროს. ძალიან ღიად ვიტყვი უვიცი და ძალიან არაპროფესიონალური შეფასებები იყო, როდესაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი აზრები გაასაღონ ამერიკული მხარის პოზიციად. მე პირდაპირ მინდა, გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ვინმეს სულელად თუ მიაჩნია მე არ მიმაჩნია და გულწრფელობის გარდა არაფერი სხვა ოპოზიციას არ ააქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს. ჩანაწერი რაც გაკეთდა ბოიკოტთან დაკავშირებით არის საჯაროდ, ვინც წერა კითხვა იცის შეუძლია წაიკითხოს, სადაც წერია პირდაპირ შავით თეთრზე, რომ ამერიკული მხარის მოსაზრება არის, როდესაც ესაუბრა ოპოზიციას, დააფიქსირა პოზიცია, რომ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების ინტერესი მათ უნდა დაიცვან, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით და ეს არის ჩანაწერი, რომელიც გასაგებად არის დაფიქსირებული ბოიკოტთან დაკავშირებით. საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია. ჩვენ დასავლელი პარტნიორები ჩვენი არაკეთილმოსურნეები არ არიან, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო ბოიკოტს, რომელიც დამაზიანებელია ხალხისთვის და ნულოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.