მარკ რუტე ახალგაზრდა რუსებს - არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად, მოკვდებით, ან დაიჭრებით და სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში - Palitra News

მარკ რუტე ახალგაზრდა რუსებს - არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად, მოკვდებით, ან დაიჭრებით და სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში

2026-06-03 19:30:08+04:00

ახალგაზრდა რუსებს მივმართავ, არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად, ან მოკვდებით ან დაიჭრებით და სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტემ განაცხადა, რომ ომის მსვლელობა შეიცვალა, მასში რუსული მხარის მონაწილეობა სულ უფრო სახიფათო გახდა და ახალგაზრდა რუსებს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ.

“მაშინ, როდესაც უკრაინა ბრძოლის ველზე იმარჯვებს, რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება…

რუსეთის დანაკარგები დიდია, თვეში 30 ათასზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში რუსეთი მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა 10 წლის განმავლობაში, 80-იან წლებში ავღანეთში. ეს სრულიად შოკისმომგვრელი ციფრებია”, - განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ თავის გამოსვლას “ახალგაზრდა რუსებისა და მათი ოჯახებისადმი” საჯარო მიმართვისთვის გამოიყენებს და აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა მათ “ატყუებს”.

“ისეთი ბიჭები, როგორც შენ, სათანადო სამხედრო მომზადების გარეშე მიდიან საომრად. აღჭურვილობა, რომელსაც მოგცემენ, უხარისხო იქნება. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მოკვდები ან დაიჭრები უკრაინაში. და, ძალიან სავარაუდოა, რომ თუ დაგჭრიან, სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში. ამიტომ, როდესაც საუბარია რუსეთის ათობით ათას დანაკარგებზე, ეს აბსტრაქტული ციფრები არაა. ეს, სავარაუდოდ, კონკრეტულად შენ იქნები”, - განაცხადა რუტემ.