ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული გიორგი უძილაური ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ბრალთან დაკავშირებით უძილაურის პოზიცია მისმა ადვოკატმა ბექა გულედანმა გაავრცელა მას შემდეგ, რაც ბრალდებულს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, უძილაური აღიარებს, რომ წლების განმავლობაში აქტიურად გამოხატავდა კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შენელებისა და დასავლეთისადმი დამოკიდებულების საკითხებში. ბრალდებულის თქმით, ხელისუფლება ეტაპობრივად დაშორდა პროევროპულ კურსს, ხოლო განსხვავებული აზრის გამოხატვა საჯარო სექტორში სულ უფრო მეტად იზღუდებოდა. ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში უძილაური აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური სიგნალია იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებულ შეხედულებებს იზიარებენ.