კრისტოფერ ლანდაუ - დადებითი განწყობით ველი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა, თუ პოლიტიკის მიმართულებით - Palitra News

კრისტოფერ ლანდაუ - დადებითი განწყობით ველი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა, თუ პოლიტიკის მიმართულებით

2026-06-04 11:39:55+04:00

როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, რომ ურთიერთობები დავათბოთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც 1-ელ ივნისს აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა უმასპინძლა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღონისძიების ფარგლებში, ამ მშვენიერ დარბაზში მოგმართოთ, მოგილოცოთ ქართველ ხალხს ეს მორიგი ისტორიული თარიღი და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, როგორც ჩემი, ასევე აშშ-ის, პრეზიდენტი ტრამპისა და სახელმწიფო მდივანი რუბიოს სახელით“, - განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ისტორიული, კულტურული, რელიგიური მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ ქართველ და ამერიკელ ხალხს ბევრი საერთო აქვს.

„სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი, იმ კავშირების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ სხვაგვარად გვაკავშირებს. გულწრფელად გეტყვით, ეროვნული დღეების აღნიშვნას იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

კრისტოფერ ლანდაუ ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის გამოსვლასაც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. როგორც მინისტრის მოადგილემ კარგად აღნიშნა, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს სურს ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ვაფასებ თქვენ გამოსვლას, სიტყვებს, რომლითაც მე ვიგრძენი, რომ თქვენ მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ ხელი ჩამოგართვათ“, - განაცხადა ლანდაუმ.

ასევე, მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს.

„საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე. ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. მე ასევე ცენტრალურ აზიაშიც ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, იქ ბევრი შესაძლებლობაა, ინდოეთიდან ცენტრალურ აზიამდე გადებული სავაჭრო მარშრუტის გათვალისწინებით, რომელიც კავკასიაზე გადის და შავი ზღვით ევროპას უკავშირდება. ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენს ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და ვფიქრობ, საქართველო სწორედ ქვეყნების ამ რიგშია. ვიცი, რომ წინა კვირას თბილისში ჩვენი დელეგაცია წარვგზავნეთ და დადებითი განწყობით ველი, რომ თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა, თუ პოლიტიკის მიმართულებით. შევეცადოთ, სწორედ ამ მიმართულებით რომ ვიმუშაოთ, რადგან, ვფიქრობ, ჩვენს ორ ქვეყანას მართლაც ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია. გავმეორდები, ვიმედოვნებ, რომ ჩემი დღევანდელი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში, არამხოლოდ ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ვთვლით, ეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.