ამ ეტაპისთვის უნივერსიტეტებში გვაქვს თეორიული ხასიათის პროგრამები, თეორიული ხასიათის ცოდნას იძლევა - დიპლომატიის აკადემიის მიმართულებით ამოცანა ის არის, რომ პრაქტიკოსები გამოუშვან და ისეთი ტიპის უნარები გამოუმუშაონ ამ პროგრამებზე, რომლებიც პროფესიონალ დიპლომატებს გამოადგებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ „ინტერპრესნიუსთან“ დიპლომატიის აკადემიაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს „ქუდქვეშ“ არსებული კონკრეტული აკადემია, რომელიც კონკრეტულად მოამზადებს პროფესიონალ დიპლომატებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა კანონპროექტი - ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში სსიპ-ის ფორმით დიპლომატიის აკადემია შეიქმნება. რაც მათ განაცხადეს, ძირითადი მიმართულება იქნება დიპლომატიის მიმართულება, ვგულისხმობთ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას. სხვა დანარჩენი მიმართულებები, სამწუხაროდ, არ ვიცით, დამოკიდებულია იმაზე თუ რა დოკუმენტებს წარმოადგენენ.
როგორც მათ თქვეს, დაახლოებით იქნება, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამები წარმოდგენილი, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება მინიმალისტური, რადგან ის უშუალოდ ეხება დიპლომატიურ მიმართულებებს. ეს არის სამინისტროს ქუდქვეშ არსებული კონკრეტული აკადემია, რომელიც კონკრეტულად მოამზადებს პროფესიონალ დიპლომატებს. ქვეყანას ძალიან სჭირდება პროფესიონალი დიპლომატები. ამ ეტაპისთვის ჩვენ უნივერსიტეტებში გვაქვს თეორიული ხასიათის პროგრამები, რომელიც თეორიული ხასიათის ცოდნას იძლევა. დიპლომატიის აკადემიის მიმართულებით, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერმა განაცხადა, ამოცანა ის არის, რომ პრაქტიკოსები გამოუშვან, ანუ ისეთი ტიპის უნარები გამოუმუშაონ ამ პროგრამებზე, რომლებიც პროფესიონალ დიპლომატებს გამოადგებათ”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის” პრინციპის ფარგლებში, რამდენად შესაძლებელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, დიპლომატიის აკადემიის ამოქმედების შემდეგ, გადავიდეს მილევად რეჟიმში, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი პროგრამის შინაარსზეა დამოკიდებული.
კერძოდ, გაბისონიას თქმით, მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ბაკალავრიატის პროგრამებს წარადგენს, მოხდება ამ პროგრამების დადარება - ამის შემდეგ, თუ იდენტური პროგრამა იქნება, მაშინ შეიძლება რაღაც კონკრეტულ პროგრამას გარკვეული ტიპის მილევად რეჟიმში მოუწიოს გადასვლა, თუმცა თუ ინდივიდუალიზებული პროგრამა იქნება, არანაირი კავშირი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპთან არ ექნება, და გაჩნდება ახალი მიმართულება.
„ვადასტურებთ იმას, რომ დამოკიდებულია პროგრამის შინაარსზე. ჯერ არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ბაკალავრიატის პროგრამები. მოხდება შესაბამისი პროგრამების დადარება. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალიზებული პროგრამა იქნება, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპთან არ ექნება, რადგან გაჩნდება ახალი მიმართულება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იდენტური პროგრამა იქნება, მაშინ შესაძლებელია, რომ გარკვეული ტიპის მილევად რეჟიმში მოუწიოს რაღაც კონკრეტულ პროგრამას გადასვლა. ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამის თქმა, გულწრფელად ვამბობ”, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.
ამავე თემაზე საუბრისას, ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ არსებობს მონათესავე სპეციალობებიც, რომელიც „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს არ არღვევს.
„პროგრამა როდესაც შეიქმნება, შესაბამისი კურიკულუმი და სილაბუსები დადარდება, ამის შემდეგ მოხდება - იდენტურია თუ არა ორი პროგრამა ერთმანეთთან. მოგეხსენებათ, არსებობს მონათესავე სპეციალობები. მონათესავე სპეციალობა „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს არ არღვევს. შესაბამისად, თუ მოხდება ისეთი პროგრამების წარმოდგენა, რომ იდენტური არ არის, ეს ორი სხვადასხვა პროგრამაა. ასეთი პროგრამები ძალიან ბევრი მოქმედებს, მათ შორის როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც”, - განმარტა ზვიად გაბისონიამ.
ცნობისთვის, 28 მაისს პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
დიპლომატიის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დიპლომატიის აკადემიის შექმნა და ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დიპლომატიური სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.