მხოლოდ 4 თვეში თბილისში 1.3 მლრდ დოლარის ღირებულების 14 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა. ხოლო გაყიდვების 75% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. 2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 641 შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის მონაცემებით, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა და 1 857 შეადგინა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1 784 შეადგინა. როგორც უკვე გითხარით, ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში თბილისში სულ 14 548 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 22.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, დედაქალაქში ბინების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს. უფრო კონკრეტულად, უძრავი ქონების გაყიდვების 75% მოდიოდა საქართველოს მოქალაქეებზე; 11% - ისრაელის; 3% - რუსეთის, ხოლო 11% სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.