ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით გააუმჯობესა. განახლებული ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. მაშინ როცა, EBRD-ს წინა პროგნოზით, 5.5%-ზე იყო ნავარაუდევი. „რეალური მშპ 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5%-ით გაიზრდება,“ - ვკითხულობთ ანგარიშში. ამასთან, განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი განაახლეს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებმაც. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5%ის ნაცვლად 5.5%-ით გაიზრდება; მსოფლიო ბანკის ბოლო შეფასებით, ზრდა 5.5%-ის ნაცვლად, 5% იქნება.საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6%-მდე გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.