საია - საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება - რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება - Palitra News

საია - საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება - რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება

2026-06-04 14:01:14+04:00

კანონშემოქმედების ტენდენციები ცხადყოფს, რომ საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება - რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება, რითაც უხეშად ირღვევა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპები

და ადამიანის ძირითადი უფლებები, - აღნიშნულ დასკვნას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკეთებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში, როგორც უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის საშუალება“. საიას ცნობით, დოკუმენტი მიმოიხილავს 2024 წლიდან საქართველოში მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებულ ტენდენციებს.

როგორც საია განმარტავს, პერსონიფიცირებული კანონმდებლობა გულისხმობს კანონებს, რომლებსაც მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, პროტესტის ჩახშობისა და პოლიტიკური ოპონენტების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების მიზნით, 2024 წლიდან პარლამენტმა არაერთი ცვლილება მიიღო, ბევრი მათგანი - დაჩქარებული წესით. 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში დაინიციირდა და დაჩქარებული წესით მიიღეს 304 კანონი. აქედან ზოგიერთი მათგანი პაკეტის სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო ზოგი – ცალკე ცვლილების სახით. ცვლილებები საკმარისი მსჯელობის და განხილვის გარეშე მიიღებოდა.

„ამ ფორმით მიღებული აქტების ნაწილი სხვადასხვა ძირითად უფლებას ზღუდავს. ცვლილებები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, მათ შორის შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, საჯარო მოსამსახურეთა უფლებები.

2024 წლის მაისში ე.წ. რუსული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ისახავდა მიზნად, “ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის ფონზე მიიღო. 2025 წელს ე.წ. FARA-მ და 2025-2026 წლებში „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობა და სამოქალაქო აქტიურობის ფაქტობრივი კრიმინალიზებისთვის საკანონმდებლო მექანიზმები შექმნა.

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სისტემური წამების გამოყენების შემდგომ, რეპრესიული კანონშემოქმედება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „სისხლის სამართლის კოდექსში“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში რამდენიმე ტალღად განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული სანქციები - გაჩნდა ახალი, საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები. შექმნილი საკანონმდებლო მოწესრიგება შეკრებების ფაქტობრივ კრიმინალიზებას იწვევს: საკანონმდებლო ჩარჩო, დღეის მდგომარეობით, ითვალისწინებს შეკრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ვალდებულებას, რომელიც შინაარსით ნებართვის მიღების ვალდებულებას უტოლდება, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცვალოს შეკრების დრო, ადგილი, სვლა-გეზი, ასევე, ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გახსნის ან/და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ. გაფრთხილების წესის დარღვევა ან სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით. ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს (თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით).

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობა: შეიზღუდა მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, გაჩნდა ბუნდოვანი ვალდებულებები მაუწყებლების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა. შემოღებულ იქნა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა რომელიც თვითნებური გამოყენების და მსუსხავი ეფექტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების ტენდენცია 2026 წელსაც აქტიურად გრძელდება. 2026 წლის მარტში მიღებულმა მოცულობითმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამკაცრა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობისთვის დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებით, ახალი, ბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების შემოღებით და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის პოლიტიკური პარტიის წევრობის ფაქტობრივი აკრძალვის გზით.

გარდა შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებისა, რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს, მათ შორის, პოლიტიკურ პლურალიზმს, აკადემიურ დამოუკიდებლობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, ლგბტქი ადამიანთა უფლებებს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: