ვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ტრაექტორია უცვლელია - ითხოვენ პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
„ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს: პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ზუსტად ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ფიზიკურად ვერ შეიცვლება და იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ზემოდან ყურებით და ამავდროულად გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველოსა და აშშ-ში წლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება და ამავდროულად სიტყვით გაცხადებული, გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გადაითარგმნება ქმედით, ხელშესახებ ქმედებებში. ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას გორდულაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ და აშშ-მა უნდა ააშენონ ურთიერთობები, რომელიც „ასე მტკივნეულად არის აღქმული კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხრიდან“.
„ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, თავისი ინტერესები აქვს. ეს არის, მაგალითად, ეკონომიკური ინტერესები, პოლიტიკური ინტერესები. ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი ეკონომიკური, პოლიტიკური, ქართველი ხალხის ინტერესები და მნიშვნელოვანია, რომ თანხვედრა იყოს ამ ინტერესებს შორის. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მკაფიო ნაბიჯია და ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, დიახაც, უნდა ავაშენოთ ის ურთიერთობა, რომელიც ასე სძულს და ასე მტკივნეულად არის აღქმული კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხრიდან. ის ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს გადადგმული ამ ქვეყნის სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, არ ასხამს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე წყალს და ვხედავთ კიდეც მათ განცხადებებში და აღშფოთებებში. დაკარგულები არიან და ერთიანი პოზიციაც კი არა აქვთ, ხედავთ, როგორ ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ ისინი”, - განაცხადა გორდულაძემ.
კითხვაზე, ახლა რა პირობები არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის, გორდულაძემ აღნიშნა, რომ მათი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებულია და ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
„ჩვენი მხრიდან პოზიციები, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია და მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვართ ოპტიმისტურად განწყობილები, რომ შემდეგი შეხვედრები და კომუნიკაციები ურთიერთობას თვისობრივად ახალ რეჟიმში გადაიყვანს. ჩვენ ვართ ფრთხილი ოპტიმიზმის ფარგლებში”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, კონგრესში გამართული მოსმენისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუმბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ი საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.
რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.