მედია - უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი 15 ივნისს გაიხსნება - Palitra News

მედია - უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი 15 ივნისს გაიხსნება

2026-06-04 15:55:27+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი 15 ივნისს გაიხსნება. გამოცემის ცნობით, უკრაინისა და მოლდოვისთვის პირველი კლასტერის, „საფუძვლების“ გახსნის საკითხზე სამთავრობათშორისო კონფერენციები ლუქსემბურგში 15 ივნისს გაიმართება. წყაროს თქმით, პირველი კლასტერის გახსნისთვის სამუშაო ჯგუფებისა და ელჩების დონეზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობამ განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

საერთაშორისო მედია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იუწყება რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის პროგრესთან დაკავშირებით. ბოლო ცნობებით, უკრაინამ 3 ივნისს დრონებით სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში მდებარე ობიექტებს შეუტია. დარტყმების სამიზნე იყო ნავთობტერმინალი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და კრონშტადტის საზღვაო ბაზა. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძრები, დროებით შეიზღუდა ფრენები პულკოვოს აეროპორტში და უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ოპერაცია რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკული პოტენციალის შესუსტებას ისახავდა მიზნად, ხოლო კრემლი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.