დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვები სახელმწიფოსგან მედიკამენტებს მიიღებენ - Palitra News

დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვები სახელმწიფოსგან მედიკამენტებს მიიღებენ

2026-06-04 20:56:58+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები უახლოეს მომავალში სახელმწიფოს დაფინანსებით მედიკამენტებს მიიღებენ - დღეს ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მთავრობის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით 2 თვეში, სპეციალისტებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღება.

პროცესი განსაზღვრავს, არსებული ორი პრეპარატიდან რომელი დაინიშნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების მრავალთვიანი მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თითქმის 2-წლიანი მოლაპარაკებები და მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული 45-დღიანი უწყვეტი დემონსტრაციები. კამპანიამ „წამალი ბავშვებს“ საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და ქვეყნის მასშტაბით სოლიდარობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოძრაობად იქცა.

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საპროტესტო აქციები შეწყდება და ძირითადი ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებზე გადავა.

მშობლების ინფორმაციით, კვირას, 7 ივნისს, საპროტესტო მსვლელობას უკვე მადლობის მარში ჩაანაცვლებს. მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს მოქალაქეებს, კამპანიის გულშემატკივრებსა და ხელისუფლებას და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ბრძოლამ სასურველი შედეგი გამოიღო.