საია: "საკანონმდებლო პროცესი საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დარღვევით მიმდინარეობს" - Palitra News

საია: "საკანონმდებლო პროცესი საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დარღვევით მიმდინარეობს"

2026-06-04 21:09:24+04:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ქვეყანაში კანონ შემოქმედებითი პროცესი დემოკრატიული პრინციპების დარღვევით მიმდინარეობს და ხშირად პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოიყენება.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2024 წლიდან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ ტენდენციებს მიმოიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის თებერვლამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით 304 კანონი მიიღო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკმარისი განხილვის გარეშე დამტკიცდა.

საიას შეფასებით, ცვლილებები შეეხო შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს, მედიის საქმიანობასა და საჯარო მოხელეთა უფლებებს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონზე“, FARA-ს ანალოგიურ რეგულაციებსა და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, სამოქალაქო სექტორის საქმიანობას ზღუდავს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, გაჩნდა ახალი სამართალდარღვევები, ხოლო მოქმედი რეგულაციები შეკრების თავისუფლებაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ტენდენცია 2026 წელსაც გრძელდება და გავლენას ახდენს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობაზე, ისე პოლიტიკური პლურალიზმისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე.