კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე - რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას - Palitra News

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე - რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას

2026-06-04 22:08:09+04:00

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, დაავადების სამკურნალო პრეპარატის დაფინანსების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა როლი, მათ შორის საზოგადოებრივმა მხარდაჭერამ, საპატრიარქოს ჩართულობამ და ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილმა წერილმა.

ამის შესახებ წიქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

მისი თქმით, მშობლებმა ბიძინა ივანიშვილს წერილი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნეს და არ გამორიცხავს, რომ საკითხზე პერსონალურ ჩარევასაც ჰქონოდა ადგილი.

„მშობლების სახელით ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, არის ყველას ბრძოლის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში საპატრიარქოს გავლენაც იყო. ასევე, ხელისუფლებასაც, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ აქამდე მივიდოდით, ჩვენი ბრძოლა იყო სუფთა და სუფთა ბრძოლაში ჩვენ მოვიგებდით. საქართველოში პრაქტიკულად მოწინააღმდეგე არ გვყავდა. კონკრეტულად, რამ მიიღო გადაწყვეტილება, არ ვიცი. რამდენიმე ფაქტორი იყო. ერთი იყო ის ფაქტორი, რომ საპატრიარქოს შევხდით. ყველაზე მთავარი იყო საზოგადოების მხარდაჭერა. მესამე ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ წერილი მივწერეთ ბიძინა ივანიშვილის. ეს იყო ძალიან კარგად შედგენილი წერილი. ვფიქრობ, ადრესატამდე მივიდა. რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა წერილი. ყველამ ვიცით, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პროცესებზე გავლენა აქვს. ეს დასამალი არ არის, არავისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ პერსონალურ ჩარევას ჰქონდა ადგილი.

ჩვენი მხარდამჭერების ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, ასევე, შიმშილობის გამოცხადებამ. მშობლებმა თქვეს, რომ თუ ვერ მიიღებდნენ შედეგს, შიმშილობას გამოაცხადებდნენ. ესეც შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, როგორც ბრძოლის მეთოდი. ერთობლიობაში ამ ყველაფერმა იმუშავა“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთანხმდნენ, კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლების უზრუნველყოფის კუთხითაც დაიწყება მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, „ფარმაცევტული კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით“.

პრემიერს არ დაუსახელებია კონკრეტული მედიკამენტები, რომლებზეც შეჯერდნენ, თუმცა შეხვედრის შემდეგ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, რომ საუბარია ორი სახის მედიკამენტზე.