პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახემწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე მკაფიო იყო და არ ტოვებდა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ამერიკულ მხარეს სრულად აქვს ინფორმაცია საკითხებზე, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს აფერხებს, ხოლო ხელისუფლებამ ქცევა უნდა შეცვალოს, თუ ურთიერთობების აღდგენა სურს.
მისივე თქმით, ოპოზიციამაც მნიშვენლოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ „აშშ არ ეშვება საქართველოს“.
„რუბიოს მოკლე პასუხი ჰქონდა ჯო უილსონის კითხვაზე. მგონია, რომ ამ შემთხვევაში არ დატოვა ორმაგი ინტერპრეტაციისთვის სივრცე. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი ცნობილია, მათ შორის ის, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობებს. ყველა საკითხი ცნობილია, რაც რუბიომაც იგულისხმა, რომ ქცევა არის შესაცვლელი. ამავე დროს, რუბიომ ისიც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკას სხვადასხვა გზებით უკაკუნებს. სურს ურთიერთობის აღდგენა, შესაბამისად, როდესაც გინდა ურთიერთობის აღდგენა და აქ შენს აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ დიდი კუნთებით, ეს არ არის ადეკვატური ამბავი. უნდა გესმოდეს, რომ ურთიერთობების აღდგენას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. არ შეიძლება ქვეყანაში რეპრესიები იყოს, არ შეიძლება გვყავდეს პოლიტპატიმრები, უნდა იყოს არჩევნებისთვის პირობები შექმნილი...
ამერიკელ პარტნიორებს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოზე ხელი არ ჩაიქნიეს. არის გარკვეული შანსი თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგა. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა ზუსტად იციან, რა უნდა გაკეთდეს.
ოპოზიციის მნიშვენლოვანი როლიც არის, რომ აშშ-ი არ ეშვება საქართველოს. ჩვენ არასდროს გვითქვამს არავისთვის, რომ საქართველო არ უნდა იყოს ამერიკის ინტერსების სფეროში“,- განაცხადა წერეთელმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა აშშ-ს სხელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცაიასთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ პარტიორებს საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები.
მისი თქმით, პარტნიორებს აინტერესებდათ, როგორ აფასებს ოპოზიცია ბოიკოტის შედეგებს და რა გავლენა აქვს მას პოლიტიკურ პროცესზე. წერეთელმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სისტემისთვის ბოიკოტი იდეალური გზა არ არის, თუმცა გადაწყვეტილება იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდა.
„ბუნებრივია კითხვები არსებობს, როგორ გრძნობს თავს ახლა, მეტი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესზე თუ მაშინ როცა პარლამენტშია? გასაგებია, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ბოიკოტი არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ჩვენ თუ გავიხსენებთ რა მომენტში მოხდა ბოიკოტი, რა იყო ამის საფუძველი. ჩვენ რასაც ვუყურებდით, თუ როგორ ექცეოდა „ქართული ოცნება“ უუფლებო ოპოზიციას, ნამდვილად არ მგონია ვინმეს მონდომებოდა იმ პარლამენტში ჯდომა.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდე ისიც, რომ საზოგადოების განწყობაც არ იყო ის,რ ომ ჩვენ პარლამენტში შევსულიყავით და გვემუშავა იქ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებენ. მეც არ მომწონს და არც არავის, ვინც პარლამენტი დატოვა, სიხარულით ეს არავის გაუკეთებია. ასეთ მსხვერპლშეწირვას იმ მომენტისთვის გამართლება ჰქონდა. ეს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით",- განაცხადა გიგი წერეთელმა.