აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 226 ხმით 195-ის წინააღმდეგ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ხმა „დემოკრატებთან“ ერთად 18-მა „რესპუბლიკელმაც“ მისცა.
კანონპროექტი მოიცავს მკაცრ სანქციებს რუსეთის ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის წამყვანი ბანკების, ნავთობისა და სამთო კომპანიების მიმართ. ის ასევე მოიცავს 500%-იან ტარიფებს აშშ-ში იმპორტირებულ ყველა რუსულ საქონელზე და რუსული ნედლი ნავთობის აშშ-ში იმპორტის აკრძალვას.
კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას, მათ შორის იარაღის გაყიდვისთვის 8 მილიარდი დოლარის გამოყოფის ნებართვას და ბაიდენის ეპოქის სამხედრო სესხის გაცემის პროგრამის გაგრძელებას.
CNN-ის ცნობით, ოთხშაბათს, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, წინააღმდეგობა გაეწიათ კანონპოექტისთვის. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მოლაპარაკებების სივრცე უნდა მისცენ.
კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებას ბევრი წყარო წინასწარმეტყველებდა როგორც „დემოკრატიულ“ ასევე „რესპუბლიკურ“ პარტიაში, თუმცა დასძენდნენ, რომ სენატში მისი ბედი გაურკვეველია.
СNN-ი განმარტავს, რომ თუ კანონპროექტს სენატშიც დაამტკიცებენ, ეს იქნება კონგრესის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით 2024 წლის გაზაფხულის კანონპროექტის შემდეგ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო.