ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ოფიციალური მზადება დაიწყო. ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ეტაპად აფასებენ. გაფართოების პოლიტიკის დღის წესრიგში ამჟამად მთავარი აქცენტი სწორედ უკრაინასა და მოლდოვაზეა გაკეთებული, რომლებიც წევრობის მოლაპარაკებების პრაქტიკულ ფაზაზე გადადიან. საქართველოს საკითხი კი ევროკავშირის მიმდინარე განხილვებში არ ფიგურირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს მიდგომა უსამართლოა. მათი შეფასებით, საქართველო არაერთი მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ დგას და ქვეყნის ევროპული პროგრესი სათანადოდ არ ფასდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას სრულად „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ხელისუფლების ნაბიჯებმა შეაფერხა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი.