საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრს უმასპინძლა და ქართველოლოგიის პროგრამის მიღწევები გააცნო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ძია ვენძიენმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველოლოგიის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს, წარმატებით ახორციელებს საქმიანობას, რაც საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.