აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე, რომლებზეც აზერბაიჯანელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა, დაიღუპა 5 ადამიანი - რუსეთში საელჩოს თანამშრომლები ადგილზე გაემგზავრნენ - Palitra News

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე, რომლებზეც აზერბაიჯანელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა, დაიღუპა 5 ადამიანი - რუსეთში საელჩოს თანამშრომლები ადგილზე გაემგზავრნენ

2026-06-05 15:41:09+04:00

ორ სატვირთო გემზე, რომლებზეც ღამით აზოვის ზღვაში დრონებით დარტყმა განხორციელდა, აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა,- ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელზე, აიხან ჰაჯიზადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის.

„რუსული მხრიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. ამჟამად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციას ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებთან, ასევე შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე გაემგზავრა. მოქალაქეების მდგომარეობასთან, მათ ქვეყანაში დაბრუნებასთან და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებით კონტროლდება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, წუხელ აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში სატვირთო გემებზე, ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ნატრასა“ და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემ „ცირკონზე“, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გემებ თურქეთიდან დონის როსტოვში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდნენ.