ნიკა გვარამია - უვიზო მიმოსვლას დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ, ამასობაში, ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას „ჩალიჩობს“, მეორე კი ყველა პარტნიორის გინებას და გაურკვეველ „გამიჯვნას“ ირჩევს - Palitra News

ნიკა გვარამია - უვიზო მიმოსვლას დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ, ამასობაში, ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას „ჩალიჩობს“, მეორე კი ყველა პარტნიორის გინებას და გაურკვეველ „გამიჯვნას“ ირჩევს

2026-06-05 18:26:55+04:00

საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს ბრიუსელში 11 ივნისს განიხილავენ და საკმაოდ დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ამის პარალელურად ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში დაბრუნებას ცდილობს, ხოლო მეორე 2028 წლის არჩევნებისთვის ღია მზადებას აცხადებს.

„როგორც ადრე დავწერე, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცედურა და სომხეთთან ძალიან სწრაფი დაახლოვება, მათ შორის, ერევანი 50 მილიონ ევროს მიიღებს წელსვე.

ამასობაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს ბრიუსელში 11 ივნისს განიხილავენ და საკმაოდ დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ.

და კიდევ ამასობაში, ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას „ჩალიჩობს“ და იგონებს, რომ „ამერიკელებმა ასე გვითხრეს“. მეორე - „რევოლუცია დღეს“ მოწოდებებით განთქმული - რევოლუცია კი არა, რიგგარეშე არჩევნების მოპოვებისაც არ სჯერა, 2028 წლის არჩევნების ღია მზადებას აცხადებს და წინასაარჩევნო კამპანიის სახით ყველა პარტნიორის გინებას და გაურკვეველ „გამიჯვნას“ ირჩევს.

იმედია, დანარჩენებს ჭკუაც გვეყოფა, გამძლეობაც, საღი აზრიც და ენერგიაც“, - წერს ნიკა გვარამია.