გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია დევნილებისა და ლტოლვილების შესახებ მორიგჯერ მიიღო და მას 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
დოკუმენტი შეეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ 8 ქვეყანა გამოვიდა. დოკუმენტი გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული სურათის ძალისმიერი შეცვლის პრაქტიკას და ადასტურებს დევნილთა უფლებას, უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობას და გაეროს გენერალურ მდივანს მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა და მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.