საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე — გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილებისა და ლტოლვილების უფლებებს ეხება. დოკუმენტი ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში დაამტკიცეს და მას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 8 სახელმწიფო წავიდა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე — გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალისმიერი მეთოდებით დემოგრაფიული სურათის შეცვლის მცდელობებს და ხაზს უსვამს, რომ დევნილებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ღირსეულად და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნების უფლება აქვთ. დოკუმენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობაზე და გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს, რეზოლუციის შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მოამზადოს. დოკუმენტს გაეროში მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა ირანმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლობამ. ოპოზიციის შეფასებით, ეს ის ქვეყნები არიან, რომელთანაც ბოლო პერიოდში ქართული ოცნება მჭიდრო ურთიერთობას იჭერს, თუმცა რეალურად საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები არ არიან.