101-ადგილიანი პარლამენტის არჩევის პარალელურად, ამომრჩევლებს ფაქტობრივად პასუხის გაცემა მოუწევთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სომხეთი, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო პოლიტიკა და როგორ უნდა გაგრძელდეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი. სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ კვლავ რჩება მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. ფაშინიანის პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს ქვეყნის მოდერნიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების გაგრძელებას ჰპირდება. ოპოზიციური ძალები კი ხელისუფლებას აკრიტიკებენ როგორც უსაფრთხოების, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და აცხადებენ, რომ ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური კურსი სჭირდება. რა არჩევანს გააკეთებენ სომხეთის მოქალაქეები და როგორ გადანაწილდება ძალები ახალ პარლამენტში, ეს უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.