სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 14.48% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მეტია - Palitra News

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 14.48% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მეტია

2026-06-07 13:39:44+04:00

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, დილის 11:00 საათის მონაცემებით, 14.48% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მეტია (362 657 ამომრჩეველმა მისცა ხმა). ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში განაცხადეს.

უფრო ზუსტად, დილის 11:00 საათის მონაცემებით, ერევანში ამომრჩეველთა 14.46%-მა (122 856 ადამიანმა) მისცა ხმა, გიუმრიში - 11.80%-მა (12 785 ადამიანმა) და ვანაძორში - 14.49%-მა (13 588 მოქალაქემ).

როგორც მედია აღნიშნავს, წინა არჩევნებში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.2%-მა მისცა ხმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.