ამ დროის მონაცემებით, სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 8%-ით მეტია - Palitra News

ამ დროის მონაცემებით, სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 8%-ით მეტია

2026-06-07 15:53:59+04:00

სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობა 14:00 საათის მონაცემებით 33,84% იყო. ეს თითქმის 8%-ით მეტია წინა არჩევნებთან შედარებით. ამის შესახებ სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

ამავე მონაცემებით, დღეს უკვე 847,226 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც ამომრჩეველთა მესამედზე მეტი ცხოვრობს, აქტივობა 33,38% (283,601) იყო. სიუნიკის რეგიონში აქტიურობა კვლავ ყველაზე მაღალი იყო, სადც 39,02%-მა უკვე მისცა ხმა.

სომხეთში წინა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 14:00 საათის მონაცემებით, 26,82% იყო.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.