სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და შედეგების დათვლის პროცესი დაიწყება.
21:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.
მედიის ცნობით, შუაღამისას შედეგების გამოქვეყნება დაიწყება.
ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 48.92% იყო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობის დაახლოებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს.
7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს - 2 ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 მოქალაქეს აქვს. სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.
დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.