4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირებიდან საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 პირს უფორმდება.
როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 14 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე უფორმდებათ შემდეგ ბრალდებულებს: გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს.
მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი დაკავებულების მხრიდან ბრალის აღიარება და მტკიცებულებების უდაოდ გახდომაა.
საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ შემდეგ პირებს, რომლებმაც ბრალი არ აღიარეს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს.
რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. მას შემდეგ, რაც სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. გამორიცხული არ არის, აღნიშნული პროცესი ხვალვე ჩატარდეს.
მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ყველა ბრალდებულს: ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.