გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და ჩვენ არა, უბრალოდ ევროკავშირს აქვს სხვადასხვა დამოკიდებულება სომხეთსა და საქართველოსთან მიმართებაში - Palitra News

გია ვოლსკი - პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და ჩვენ არა, უბრალოდ ევროკავშირს აქვს სხვადასხვა დამოკიდებულება სომხეთსა და საქართველოსთან მიმართებაში

2026-06-08 15:27:42+04:00

პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა - ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გააჩნია გარკვეული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში ევროკავშირის საქართველოსთან დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიურია და “მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი, საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ”.

“პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს, ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო არა. უბრალოდ, ევროკავშირს აქვს სხვადასხვა დამოკიდებულება სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებაში. რიგ შემთხვევებში, საკვანძო საკითხებთან, საქართველოსთან ევროკავშირის დამოკიდებულება არის საკმაოდ ნეგატიური. მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ, მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება რუსეთთან, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო. ჩვენი პოლიტიკის განსხვავება არის ერთადერთი, როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს გაცილებით უფრო ნათელი გახდა ბოლო პერიოდში. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე, საქართველოს მსგავსი გააჩნია. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა “მზად ვართ” არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა მსგავსი გვაქვს ყველა მიმართულებით, თუმცა ბრიუსელს გააჩნია გარკვეული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს,” - განაცხადა ვოლსკიმ.