პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები აღარ გაიმართება - Palitra News

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები აღარ გაიმართება

2026-06-08 16:16:13+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება.

პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს - პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის პროცედურას შეეხება.

დღეს მოქმედი რედაქციით, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. ასევე პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს, ხოლო პრეზიდენტის მოსმენის პროცედურის დასრულების შემდეგ, პლენარული სხდომა იხურება.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად კი, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულების შემდეგ, მოსმენის პროცედურა დასრულდება. პარლამენტს კი მუშაობის გაგრძელების და სხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება.

რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიმართვას პოლემიკის ფორმა არ უნდა ეძლეოდეს და ის პარტიულ-პოლიტიკურ პაექრობაში ჩართული არ უნდა აღმოჩნდეს.

“თუკი სხვა ქვეყნების გამოცდილებას შევხედავთ, სადაც არის პრეზიდენტის გამოსვლა - მაგალითად აშშ-ი და რიგი სხვა ქვეყნები რომ ავიღოთ - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პროცედურა სრულდება და დებატები, კითხვა-პასუხი არ იმართება. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტის მოხსენება თავის მხრივ არის მიმართვა საზოგადოებისთვის და პარლამენტი პრეზიდენტს პლატფორმას სთავაზობს, რომ ყოველწლიურად მან ქვეყნის განვითარების თაობაზე გარკვეული შეჯამება გააკეთოს და ამით საზოგადოებას მიმართოს. პრეზიდენტი, როგორიც ინსტიტუტი, ყოველდღიური პოლიტიკის, ბატალიების, დებატების მონაწილე არ არის და ყოველდღიური პოლიტიკური და პარტიულ-პოლიტიკური განხილვების მონაწილე არც უნდა გავხადოთ.

ამგვარი გამოსვლები და შემდეგ დასკვნითი სიტყვები, გინდა-არგინდა პრეზიდენტს პარტიულ-პოლიტიკურ დებატებში ითრევს და უბიძგებს მას, რომ გარკვეული პოზიციები დაიჭიროს, რაც საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის, როგორც ზეპარტიული და არაყოველდღიურ პოლიტიკაში ჩართული ინსტიტუტის მნიშვნელობას აზიარებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.