სომხეთის ეროვნული კრების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სარგის ხანდანიანის განცხადებით, თუ არჩევანი დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ სარგებელს შორის დადგება, სომხეთი დამოუკიდებლობას აირჩევს.
როგორც სარგის ხანდანიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სომხეთისთვის 7 ივნისის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია სამშვიდობო პროცესზე, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს.
„ვფიქრობ, ეს არჩევნები რეფერენდუმია ბევრი რამისთვის, განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესისთვის, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არჩევნები არის იმის შესახებ თუ როგორ აფასებს ხალხი სამშვიდობო პროცესს. იმ ძალების პროგრამა, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ, რიტორიკულია და არ არის მიმართული მშვიდობისკენ. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საზოგადოება ამ არჩევნებს რეფერენდუმად“,- განაცხადა ხანდანიანმა.
სომეხმა დეპუტატმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ სომხეთმა საგარეო-პოლიტიკური კურსი შეცვალა. მისი თქმით, ქვეყანა ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, დაბალანსებული ურთიერთობები შეინარჩუნოს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.
„არ ვფიქრობ, რომ სომხეთმა კურსი შეიცვალა. სომხეთმა გაანალიზა მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს არის სამხრეთ-კავკასია. ვფიქრობთ, რომ სომხეთის მომავლისთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვენებთან. ჩვენ ასევე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ირანთან. ამავდროულად ვცილობთ გავაუმჯობესოთ ურთიერთობაა თურქეთთან და ირანთან. რაც შეხება ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა ძალებთან და სახელმწიფოებთან, ჩვენ ვაბალანსებთ კავშირს მათთან,იქნება ეს აშშ-ი, ჩინეთი თუ ევროკავშირი. ბოლო რამდენიმე წელში სომხეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდა, ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.
ამავდროულად კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. ვცდილობთ მათთან გადავჭრათ პრობლემები. პრობლემის გადაჭრას ვაპირებთ საუბრით, და არა რუსეთთან ბრძოლას“, - განაცხადა ხანდანიანმა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომელიც სომხეთის ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხებოდა რუსეთზე, ხანდანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის პრიორიტეტი ქვეყნის დამოუკიდებლობაა და არა ეკონომიკური სარგებელი ნებისმიერ ფასად.
„თუ არჩევანი დადგება დამოუკიდებლობასა და მარწყვს შორის, ჩვენ დამოუკიდებლობას ვირჩევთ, რადგან შეგვიძლია სხვა გზა ვიპოვოთ მარწყვის გასაყიდად, მაგრამ არ ვართ მზად ჩვენი დამოუკიდებლობა გავყიდოთ. ეს არის არჩევანი, რომელიც სომეხ ხალხს ძალიან კარგად აქვს გააზრებული“,- განაცხადა სარგის ხანდანიანმა.