პოლიტიკური ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, რომ რუსეთისა და ირანის გავლენები შეისწავლოს - ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, პაპუაშვილი აღნიშნული საკითხის დაყენებას მის პირად აკვიატებას უწოდებს.
„ეს არის ჯო უილსონის აკვიატება, ცუდი მისთვის, ვისაც ეს აკვიატება გადაედება. ამ აკვიატებას ვაკვირდებით რამდენი ხანია უკვე, ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საინფორმაციო ხმაური შექმნას. უკაცრავად, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციას არ აგროვებს, ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იზრუნოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე, რეაგირებასა თუ შესწავლაზე?! მართლა საბავშვო ბაღივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი და პოლიტიკური ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, რომ რუსეთისა და ირანის გავლენები შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.