შალვა პაპუაშვილი - რა გგონიათ, პარტიის პოლიტსაბჭოზე ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ ?! ვმსჯელობთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე - საარჩევნო მანდატი უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ამიტომ ეს კონსპირაციაც დაიმსხვრა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - რა გგონიათ, პარტიის პოლიტსაბჭოზე ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ ?! ვმსჯელობთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე - საარჩევნო მანდატი უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ამიტომ ეს კონსპირაციაც დაიმსხვრა

2026-06-10 12:51:43+04:00

ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ამ კონფიგურაციით გავედით არჩევნებზე და საარჩევნო მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსაც და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს, აქ ზედმეტი კონსპირაციების მოფიქრებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ როლს ეხებოდა.

მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის 15-წლიანი უწყვეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების პერიოდი და იმ ლოგიკის დასრულება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ქვეყანაში ყოველ რამდენიმე წელში იყო ომი და კონფლიქტი.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ როლთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციის გამართვა იმას, რომ ის მთავრობის მეთაურის პოსტს ტოვებს ან მისი ჩანაცვლება იგეგმება, პაპუაშვილმა მოკლე რეპლიკით უპასუხა - არა!

„მე მგონი, გასაგები იყო ამ ბრიფინგის არსიც და შინაარსიც, რომ ის ცრუ კონსპირაციები, რომლის შექმნასაც ცდილობენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, იქნას მხილებული. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით გავედით არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაციაა „ქართულ ოცნებაში“ და სწორედ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში, რომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა 2012 წლიდან მოყოლებული, ამაზეც არავინ დავობს. მილიონ ას ოცი ათასმა ამომრჩეველმა თავისი მანდატი ბიძინა ივანიშვილსაც მისცა. ამიტომ ეს ერთი კონსპირაცია დაირღვა, თითქოს არადემოკრატიული მანდატი აქვს. მეორე, თითქოს ეს არის არაფორმალური- ფორმალურია, ვინაიდან გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიცაა საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, მათ შორის პარტიის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილები არიან როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წევრები, რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი კობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილებები. თქვენი აზრით, პარტიის პოლიტიკური საბჭო რისთვის იკრიბება ხოლმე, რა გგონიათ თქვენ, ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ ?! ვმსჯელობთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომ ეს კონსპირაციაც დაიმსხვრა. საარჩევნო მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსაც და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს. აქ ზედმეტი კონსპირაციების მოფიქრებას აზრი არ აქვს, უბრალოდ ასე წარმოსახავენ თითქოს რაღაც სასწაულთან გვქონდეს საქმე, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, სადაც პარტიული პოლიტიკა წამყვანია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლს და უნარებს, გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა. გადახედეთ ნებისმიერ კრიტიკულ მომენტს, იქნებოდა ეს შიდაპოლიტიკური თუ გარე პოლიტიკური და დაფიქრდით, როგორ შეძლო საქართველომ დანის პირზე გავლა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მისი განვითარება. საქართველო ბოლო 15 წელია ამოვარდა საკუთარი განვითარების ლოგიკიდან, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყანაში ყოველ რამდენიმე წელში იყო ომი, ეს ლოგიკა დასრულდა 2012 წელს, ეს ლოგიკა დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა და 2012 წლიდან გვაქვს უწყვეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების პერიოდი, მაშინ როცა ჩვენს გარშემო სამყარო ინგრევა, ცეცხლი ცეცხლზე ენთება და ყველა ლოგიკით დღეს ჩვენ ომში უნდა ვიყოთ ან ნაომარი ქვეყანა უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.