ნინო წილოსანი ჟურნალისტს - პრემიერის ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანის შექება, შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა - Palitra News

ნინო წილოსანი ჟურნალისტს - პრემიერის ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანის შექება, შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა

2026-06-10 13:45:35+04:00

ეს ბრიფინგიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ არ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გზავნილები „ქართული ოცნების“ თითოეულმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად გაიგო და ეთანხმება.

„ჩვენი ამომრჩევლისთვის რისი თქმაც სურდა ირაკლი კობახიძეს, მე მგონი, თითოეულმა ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად გაიგო და ეთანხმება. ხოლო ადამიანებისთვის, ვინც ვერ გაიგეთ და რაღაც ინტერპრეტაციებს ეძებთ, მარტივი ახსნა შემიძლია გითხრათ: ეს ბრიფინგიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ არ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა.

წლები იყო, როდესაც თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხვილებდით, რომ შეექოთ ბიძინა ივანიშვილი და ამის გამო რაღაცა სასწაულ, მედია აჟიოტაჟს იყენებდით, რომ თითქოს როგორ გაუბედეს და როგორ აღნიშნეს ბიძინა ივანიშვილის როლი და მნიშვნელობა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ამიტომ, ეს მე მგონია, რომ ძალიან კარგი ნიშანი იყო თქვენთვის”, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, ხომ არ ცდილობს მმართველი გუნდი პრემიერის ბრიფინგით ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას, წილოსანმა უპასუხა, რომ ივანიშვილს ლეგიტიმაცია ისედაც აქვს, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ის მონაწილეობს პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია. მას აქვს პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი, პარტიაში მიიღება პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები, სადაც ასევე იცით, რომ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არაფერი დამალული არ არის, რაც თქვენ გინდათ, რომ ახლა რაღაცა კონსპირაციად წარმოაჩინოთ“, - აღნიშნა წილოსანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს, ნინო წილოსანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და არც სურვილი. აი, ასე პერიოდულად კარგი იქნება თქვენთვისაც შეხსენება, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც ზრუნავს თავის სამშობლოზე და ხალხზე მთელი თავისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით. მას გადადებული აქვს თავი ამ ქვეყნისთვის და ძალიან კარგია, რომ პერიოდულად თქვენც გახსენებთ ამ ყველაფერს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ამომრჩეველმა ეს ნამდვილად იცის”, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, დაეკისრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა მთავრობის მიერ სამომავლოდ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, იქნება ეს წარმატებული თუ წარუმატებელი, ნინო წილოსანმა განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილებას რანგების მიხედვით საკუთარი ავტორი და პასუხისმგებელი პირი ჰყავს.

„ყველა გადაწყვეტილებას რანგების მიხედვით ჰყავს თავისი ავტორი, პასუხისმგებელი პირი და, შესაბამისად, როგორც კარგი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილებები ეკუთვნის თავის ავტორს და პატრონს. ამიტომ ნუ შეეცდებით, რომ ყველაფერი მიაწეროთ ერთ ადამიანს.

ამ ადამიანს უკავშირდება ქვეყნის სწორი გზით წაყვანა და იმ ურთულესი გამოწვევების დროს ამ ქვეყნის გადარჩენა, რომ ჩვენთან ახლა, როგორც თქვენ გქონდათ სურვილი, ბომბები არ ცვივა. ჩვენ არ ვართ იმ საომარი დღის წესრიგის მონაწილე, რომელიც გინდოდათ, რომ გაგეხადათ. ამიტომ ეს არის იმხელა მონაპოვარი, ისევე როგორც 2012 წლის გადაწყვეტილება და 2012 წლის გამარჯვება, რომ ამ კაცის როლი, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ხშირად და მომავალშიც არაერთხელ უნდა აღვნიშნოთ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.