ირაკლი კობახიძე გაეროს რეზოლუციაზე - ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის, ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - Palitra News

ირაკლი კობახიძე გაეროს რეზოლუციაზე - ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის, ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

2026-06-10 14:54:06+04:00

ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის, ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მიიღეს და რომელსაც ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა.

კერძოდ, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, სხვაგან სად უნდა გამოეხატა ჩინეთს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, თუ არა ამ რეზოლუციის მხარდაჭერაში, კობახიძემ კი უპასუხა, რომ ზოგიერთმა სხვა სახელმწიფომაც არ დაუჭირა რეზოლუციას მხარი, თუმცა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ.

პრემიერ-მინისტრმა ისრაელის მაგალითიც მოიყვანა და განმარტა, რომ სახელმწიფოებს თავიანთი სუბიექტური მიზეზების გამო არ შეეძლოთ რეზოლუციის მხარდაჭერა.

„ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ანალოგიურად არის მაგალითად, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. უკვე მრავალი წელია, სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, მუდმივად ვითარდება ურთიერთობები.

ჩინეთს სპეციფიკური მიზეზები აქვს და მე არ მინდა, ამაში შევიდე იმიტომ, რომ ეს არის ჩინეთის მიზეზები და ამ მიზეზებსაც პატივს ვცემთ. ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს ერთი

ჩინეთის პრინციპს. ეს არის ურყევი მხარდაჭერა და ჩვენ ამას ვგრძნობთ, არამარტო ვგრძნობთ, არამედ საქმითაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ანალოგიურად ისრაელი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

სხვა ქვეყნებიც არის ასეთი, ვისთანაც ვმეგობრობთ, მაგრამ მხარს ვერ უჭერენ [რეზოლუციას] საკუთარი სუბიექტური მიზეზების გამო ასეთ რეზოლუციას.

ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.