ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: “როდის მოვა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო?”
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს გუნდი.
„ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს ხოლმე გუნდი. როგორც წესი, ასეა. იყო შემთხვევა, როცა გახარიამ გადაწყვიტა, იმიტომ, რომ “მამას უნდოდა ასე”. დაავალეს და გადადგა. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს ხოლმე „ქართული ოცნება,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ კითხვები ჟურნალისტებს არაერთხელ გასჩენიათ და „ეს არასერიოზული და მოსაბეზრებელია“.
„მე არ მბეზრდება თქვენგან ეს კითხვები, თქვენ თუ არ მოგბეზრდათ. მე ყოველ ჯერზე მზად ვარ მოვისმინო ეს კითხვები. ეს მომისმენია 2 წლის წინაც, 4 წლის წინაც, სხვადასხვა თანამდებობაზე, შარშანაც, 6 თვის წინაც, 3 თვის წინაც, ახლაც. მე არ მბეზრდება, თქვენ თუ არ მოგბეზრდათ, სიამოვნებით მოვისმენ. პასუხი გაგეცით უკვე. არასერიოზულია ეს ყველაფერი. სამ თვეში ერთხელ ევროკომისიასავით რომ გამოდიხართ და ერთი და იმავე კითხვას სვამთ, ერთი და იმავე რაღაცას ამბობთ, ხომ მოსაბეზრებელია, არასერიოზულია?!
რაც შეეხება გუშინდელ ბრიფინგს, მთავარი თემა იყო ის თუ როგორ იმართება ქვეყანა, ამაზე საზოგადოებას სჭირდებოდა ინფორმაცია და საზოგადოებას გავუზიარეთ ინფორმაცია. მიზეზი რატომაც ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე, განვმარტე, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ. რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არა, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, ამხელა ძალას დაუპირისპირდა და ჩამოაშორა ხელისუფლებას. 2012 წლის მომვლენებმა გაამყარა გუნდში რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გათვლებით შეუძლია პოლიტიკის დაგეგმვა”, - განაცხადა კობახიძემ.