წინადადება საინტერესოა. გამოწვევა გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე, მგონია, რომ შანსია დიდი ცვლილებების, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ერთობლივად შევთანხმდით, პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი“.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ახლა მოლაპარაკებების ეტაპია და მეტ დეტალზე მოგვიანებით ისაუბრებს.
მისივე განცხადებით, პარტიამ მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ სახეებსა და ახალგაზრდებს, რათა მათ ქვეყნის განვითარების ახალი დღის წესრიგი შექმნან.
ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ აფასებს სააკაშვილის მზადყოფნას ცვლილებებისთვის და მის ნდობას ახალგაზრდული ხედვების მიმართ.
ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ "ქვეყნის მთავარი რეფორმატორების" პარტიის "ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია" აღნიშნული.
„მოკლედ, ამბავი ასეთია. მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა. “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები - მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ. რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან , ახალი ინტერესების შექმნა, პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა , ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ. რა ეტაპზე ვართ? - მოლაპარაკების.
წინადადება საინტერესოა. გამოწვევა გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია რომ შანსია დიდი ცვლილებების. მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია. შეხვედრების, სხვების მოსაზრებების მოსმენის…
ვაფასებ მიშას საჯარო განცხადებას, რომ დიდი ცვლილებებისთვის მზადაა. პირად საუბრებშიც ესაა მთავარი თემა. კარი გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებური ხედვებით, საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს. პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე, მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა. ახლაც ამის დროა, ახალგაზრდებმა უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამ ნაწილში ვაფასებ მიშას ნდობას.
დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორების პარტიის ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლა. როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება, ხომ იცით, დაწერას ვერავინ დამასწრებს, ნუ მიშას გარდა“,- წერს ჟურნალისტი.