სავიზო დიალოგამდე 1 დღე რჩება - 11 ივნისს ბრიუსელში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა ჩანიშნული, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფი დაესწრება. როგორც ცნობილია, ხვალინდელი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციითაა გათვალისწინებული და მასზე განიხილავენ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო კრიტერიუმებს. მას შემდეგ, რაც მარტში ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ერთი წლით სავიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო, პოლიტიკური ვითარების შესახებ, არაერთი რეზოლუცია თუ კრიტიკული განცხადება გაჟღერდა - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო გააქტიურდა მოსაზრება, რომ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალური ხდება - მმართველი გუნდი თვლის, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რომ საკითხს მათი პარტნიორები შანტაჟისთვის იყენებენ.